პატარა პროვინციული ქალაქ ხვასონის დუნე ცხოვრებას ახალგაზრდა გოგონების მკვლელობათა სერია შეძრავს და თავდაყირა აყენებს. ადგილობრივ დეტექტივს, რომელსაც დამნაშავეების მიგნების თავისებური და საკმაოდ უხეში ხერხი აქვს უერთდება ქალაქიდან სპეციალურად ამ საქმისთვის მივლინებული ინტელექტუალი დეტექტივი. ორივე ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით ცდილობს მიაგნოს მოუხელთებელ სერიულ მკვლელს და ბოლო მოუღოს ქალაქში გამეფებულ პანიკურ შიშს.
პონ ჯუნ ხოს ბოლო ნამუშევარი ,,პარაზიტები” არაერთი კინოჯილდოთი აღინიშნა, მათ შორის ოსკარით საუკეთესო ფილმისათვის, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის მისი ეს გამორჩეული შედევრი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. თავისი დეტალური თხრობის მანერით, რომელიც იმდროინდელი სამხრეთ კორეის განწყობას ზუსტად ასახავს, საოცარი დაძაბულობით და საინტერესო პერსონაჟებით დატვირთული ეს ფილმი გულგრილს არავის დატოვებს.