ფილმის დასაწყისში ველოსიპედზე შემომჯდარ აფრიკელ ახალგაზრდას კისერზე შემოუსვამს თხა და ქალაქის ქუჩებში მიჰყავს, ისიც თითქოს მინდობილი თავის ბედს შიგადაშიგ მშვიდად დაიკიკინებს, თვალებს აცეცებს და ესაა მხოლოდ. მაგრამ კადრი საოცარია და ისევე დარჩება თქვენში როგორც ფილმი, მისი ფინალი.
დომინიკ მოლის ფილმებში ესე უბრალოდ და უმიზეზოდ არაფერი არ ხდება.
ყველაფერს აზრი აქვს და ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული უხილავი თუ ხილული ძაფებით, მიუხედავად ფილმის სლოგანისა : ,,შემთხვევითობა ყველაფერს გადაწყვეტს”.
საფრანგეთის ალპური სოფლის მიდამოებში სუსხიანი ქარბუქის დროს მდიდარი პარიზელი ქალბატონი გაუჩინარდება. ამ საიდუმლო გაუჩინარებასთან სრულიად უცნაურად დაკავშირებული აღმოჩნდება რამოდენიმე ადამიანი: ფერმერი და მისი ცოლი, ფერმერის ცოლის საყვარელი, ახალგაზრდა ოფიციანტი გოგონა და სხვა კონტინენტზე მცხოვრები ფერადკანიანი ახალგაზრდა, რომელსაც ქვეყნის საზღვრები არასდროს დაუტოვებია.