ფილმი გვიყვება ორ გოგონაზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ერთ-ერთთან წასვლა, გამოცდის წინ მეცადინეობა და დასვენება. მაგრამ მათ გეგმებს სახლში შემოჭრილი მანიაკი არღვევს, რომელიც მთელ ოჯახს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება, ხოლო გოგონები მის საშინელ მანქანაში აღმოჩნდებიან…
უკიდურესი დაძაბულობა- ალექსანდრ აჟას სადებიუტო ფილმია. ავისმომასწავებელი გარემო, პირქუში და დაძაბული ატმოსფერო, ეფექტური სისასტიკის სცენები, რომელიც გაგვაოცებს თავისი რეალისტურობით. სიუჟეტი თავიდან თითქოს უკვე კარგად ნაცნობი ამერიკული საშინელებათა ფილმების კარნახით მიმდინარეობს, მაგრამ ესე არ არის. სიუჟეტური კვანძის გახსნა მოულოდნელი იქნება მაყურებლისათვის, რაც თავისთავად ფილმის ღირსებაა.
უნდა აღინიშნოს სესილ დე ფრანსის ძალიან კარგი თამაში, რომელიც ფილმში საერთოდ სხვა ამპლუაში წარსდგა. ოპერატორის ნამუშევარი, ფილმის მხატვრობა, გამოყენებული მუსიკა, ყველაფერი მაღალ დონეზეა, რაც ფრანგულ კინოს ახასიათებს და გამოარჩევს.