ანდრეი კანჩალოვსკის ანტისაბჭოთა შავ-თეთრი ფილმი, რომელიც აღადგენს 1962 წლის ქალაქ ჩერკასკის ტრაგიკულ მოვლენებს.
1962 წელი. საბჭოთა ნოვოჩერკასკის მთავარ ქარხანაში გაფიცვაა. ხალხი ითხოვს პროდუქტებზე ფასების დაწევას და ხელფასების გაზრდას. როცა გაფიცვას სხვა დაწესებულებების მუშებიც უერთდებიან, სამთავრობო კომისია გადაწყვიტავს ქალაქში წითელი არმია შემოიყვანოს და სულ რამოდენიმე საათში ქუჩებში უკვე სროლის ხმა ისმის. პარტიული კომიტეტის წევრს ლიუდმილას გულწრფელად სჯერა კომუნისტური წყობის სამართლიანობის და აღშფოთებულია მუშათა პროტესტით. თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა მისი მოზარდი ქალიშვილი ამ არეულობაში იკარგება.
თანამედროვე რუსული კინემატოგრაფის(და არამარტო რუსული) ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა რეჟისორმა ანდრეი კანჩალოვსკიმ დოკუმენტური სიზუსტით აღადგინა გასული საუკუნის 60-იანი წლების საბჭოთა რეჟიმის დროს განვითარებული ტრაგიკული ამბები, რასაც რუსულ საზოგადოებაში და მედიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ფილმში მთავარი როლი მისმა მეუღლემ, იულია ვისოცკაიამ შეასრულა.