რამოდენიმე პრესტიჟულ კინოფესტივალზე გამარჯვებული ეს ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. იგი ერთგვარი პატივის მიგებაა დაღუპული კათოლიკე ბერების მიმართ, რომლებმაც თავიანთი გადაწყვეტილებით დაამტკიცეს მათი იდეალების ერთგულება და ურყევი რწმენა ღვთის მიმართ.
კითხვები, აზრები, რომელიც კინოში ისმის დღესაც აქტუალურია: შეიძლება კი მუსულმანური და ქრისტიანული სამყაროს მშვიდობიანი თანაცხოვრება? საშიშია არა რელიგია, არამედ ადამიანები რომლებიც თავისებურად იგებენ საღვთო წიგნების სწავლებას და პირადი ინტერესებისთვის იყენებენ მას. პატარა კათოლიკური მონასტერი, სადაც მოქმედება ვითარდება, ალჟირის მთებშია განთავსებული. აქ მცხოვრები და მოღვაწე ფრანგი ბერები ადგილობრივ მუსულმანურ მოსახლეობასთან იდილიურად თანაარსებობენ. მათი ყოველდღიურობა ლოცვის, მიწაზე შრომის და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარებისგან შედგება. როდესაც მონასტერი სისხლიანი მოვლენების ეპიცენტრში ექცევა, ბერების წინაშე დგება ძალიან რთული არჩევანი: დატოვონ მათი საყვარელი ადგილი და საფრანგეთში დაბრუნდნენ თუ სიკვდილის შიშის ქვეშ გააგრძელონ მოღვაწეობა, აღასრულონ მათი მიწიერი დანიშნულება?