მოქმედება, განუწყვეტელი ექშენი და გრძელი უძილო ღამე- ფრანგულ კრიმინალურ თრილერში.
ვინსენტი პოლიციელია, რომელიც ვერც კარგი მეოჯახეობით დაიკვეხნის და ვერც კეთილსინდისიერებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. ერთ-ერთი ოპერაციის დროს იგი კოკაინით გატენილ ჩანთას პარავს ნარკოდილერებს. განგსტერები ბევრს არ ფიქრობენ, ვინსენტის შვილს იტაცებენ და სანაცვლოდ მათ კუთვნილ კოკაინს ითხოვენ. საქმე იმაშია, ამ მომენტისთვის ვინსენტს ნარკოტიკები უკვე აღარ აქვს. ეს გაუთავებელი ღამე ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მის ცხოვრებაში…
ფრედერიკ ჟარდენის ეს ფილმი იქნებ მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრი არც არის. მაგრამ გავიხსენოთ რა ხშირად ჩაგვძინებია ეგრეთწოდებული შედევრების ყურებისას. ამ შემთხვევაში კი ამას ვერ მოვახერხებთ. იმიტომ რომ სიუჟეტის დინამიკა, გაუთავებელი ექშენი, რომელიც ღამის კლუბს არ ცდება, უბრალოდ არ მოგვცემს ამის საშუალებას.