ბრაზილიის პლაჟები, ახალგაზრდა სიმპატიური ტურისტები, გარუჯული ნახევრადშიშველი და შიშველი სხეულები,- უკვე კარგი დასაწყისია საშინელებათა ფილმისთვის, რომელიც მიუხედავად ჟანრისა და დაძაბული სიუჟეტისა, მაინც ვერ გაგვიქრობს ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობის სურვილს (რაც არ გეგონოთ, რომ ფილმის მინუსია).
ახალგაზრდების ჯგუფი არდადაგებს ბრაზილიის ძნელად მისადგომ და ულამაზეს ადგილებში ატარებს. შეშლილი მძღოლი და ავტობუსის ამოყირავებაც კი ვერ უშლის ხელს მათი გართობის და ბუნებით ტკბობის წყურვილს. ახალი ნაცნობები, ოკეანისპირა ბუნგალო და ადგილობრივებთან ერთად დალევა ეგზოტიკური მუსიკის ფონზე სრული გათიშვით მთავრდება. მეორე დილით კი ისინი აღმოაჩენენ, რომ გაძარცვულები არიან. და რაც მთავარია ვიღაცეები აკლიათ…
თითქოს თავიდანვე ხვდები ვინ გადარჩება ცოცხალი და ვინ ვერა, მაგრამ სასტიკი დაპირისპირება ბოროტ და კეთილ ძალებს შორის იმდენად ეგზოტიკური ბუნების და ადგილების ფონზე მიმდინარეობს ეს საფიქრელი მეორე პლანზე გადადის. ფილმს არანაკლებ ეშხს და ხასიათს მატებს მასში გამოყენებული ტრეკები, ბრაზილიური გიჟური რითმებით და მელოდიებით.