სამი უფროსკლასელი მოზარდი: პოლიტიკურ კარიერაზე მეოცნებე -სტივი, კლასელებს შორის პოპულარული- მეთი და მისი სამყაროსგან მოწყვეტილი, უცნაური ბიძაშვილი- ენდრიუ, რომელსაც პრობლემები აქვს მის თანატოლებთან, რაღაც უცნაური შემთხვევის წყალობით სუპერძალებს იძენენ, რომელიც დღითიდღე იზრდება. როგორც აღმოჩნდება, არაბუნებრივი ძალის მართვა არც ისე იოლი და უწყინარი პროცესია. ვიღაცისთვის იგი გართობის და ცხოვრებაზე ახლებურად შეხედვის საშუალებაა, ვიღაცისთვის კი დაგროვილი წყენის გამო პასუხის მიგების ერთადერთი გზა…
სუპერგმირების თემა ძალზედ აქტუალურია დღევანდელ კინოინდუსტრიაში: პათოსური მრავალმილიონიანი ჰოლივუდური ბლოკბასტერები თუ ძველი ფრანჩიზების ,,დააბდეითებული” ვერსიები ყველა თაობის მაყურებელს იზიდავს. ამგვარ პროექტებში ცნობილი რეჟისორების და მეგავარსკვლავების ჩართვა ერთგვარ წესად და წარმატების სიმბოლოდ იქცა. ამიტომ უცნაურია, როცა ამ ჟანრს ვინმე ახალბედა შეეჭიდება ხოლმე. თითქოს რა სიახლე უნდა შემოიტანოს დამწყებმა რეჟისორმა ნაკლებადცნობილი მსახიობებით და შედარებით შეზღუდული ბიუჯეტით (15 მილიონი აშშ დოლარი). და მაინც ჯოშუა თრანკმა ამ რთულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა, ჟანრი ფსევდო დოკუმენტური სტილის შემოტანით გაცილებით გაამდიდრა და მას ახალი ხედვა შესძინა.