შესანიშნავი კომედია დროის მარყუჟში გამომწყვდეულ ორ ახალგაზრდა ადამიანზე, რომლებიც უსასრულო მონოტონურობას პალმ-სპრინგსის უჩვეულო ბუნების და ერთმანეთის წყალობით ებრძვიან.
9 ნოემბერი. კალიფორნიის შტატის უდაბნოში მდებარე საკურორტო ქალაქი პალმ-სპრინგსი. საქორწილო მზადება. პატარძლის ერთ-ერთი მეგობრის ბოიფრენდი, შორტებში და ჰავაის პერანგში გამოწყობილი ნაილზი დილიდან აუჩქარებლად ალკოჰოლს ეძალება და არაფერი აღელვებს. საღამოს კი ყველასათვის მოულოდნელად ახალდაქორწინებულებისთვის სიტყვას წარმოთქვამს, რითაც პატარძლის უფროს დას- სარას მოხიბლავს. და აი ისინიც, განმარტოებულები ღამის უდაბნოს პეიზაჟის ფონზე სიყვარულს უნდა მიეცნენ, როცა მოვლენები უეცრად ალოგიკურად და დაუჯერებლად ვითარდება. მეორე დილით თავის ოთახში გაღვიძებული სარა აღმოაჩენს, რომ ისევ 9 ნოემბერია…
სანდენსის ფესტივალზე ფილმის პრემიერის შემდეგ, კომპანიებმა ,,Neon” და ,,Hulu” -მ შეიძინეს ფილმის დისტრიბუციის უფლება სარეკორდო 17 500 000 დოლარად და 69 ცენტად, რაც 69 ცენტით უფრო ძვირი იყო მანამდე გადახდილ თანხაზე.