ვადიმ პერელმანის ღრმა და სულისშემძვრელი დრამა.
ფილმი ჩრდილოეთ კალიფორნიაში მდებარე ბუნგალოს ირგვლივ ვითარდება. ქეთ ნიკოლოსთვის იგი ბევრ რამეს ნიშნავს. ეს სახლი მისი შანსია ცხოვრებას დაუბრუნდეს. მაგრამ რაღაც ბიუროკრატიული შეცდომის წყალობით, სახლი აუქციონზე გააქვთ და მას ირანელი ემიგრანტების ოჯახი იძენს. ქეთი ყველაფერზე წავა, ოღონდ კი სახლზე მისი უფლება დაამტკიცოს.
ანდრე დიუბიუს III-ის რომანის მიხედვით შექმნილ თავის სადებიუტო ფილმში პერელმანმა შეძლო ძლიერი სამსახიობო გუნდი შეეკრიბა, რაც თავისთავად ფილმის ხარისხზე და ემოციურობაზე პირდაპირ აისახა. ბენ კინგსლიმ ირანიდან ემიგრირებული არისტოკრატის დაუვიწყარი სახე შექმნა კინოში, რომლის მრწამსი და ფასეულობები განსხვავდება მთავარი გმირის შინაგანი ღირებულებებისაგან, მაგრამ მათ ერთი საერთო ბედი თუ უბედობა აერთიანებთ და სტანჯავთ. ისინი მათივე მოგონებების და ოცნებების მსხვერპლნი არიან. ისინი განწირულები არიან რეალობასთან ჭიდილში.