ჯუზეპე ტორნატორეს და თიმ როთის დიდებული ნამუშევარი დიდი ენიო მორიკონეს მუსიკის ფონზე.
ფილმი გენიოს მუსიკოსზე, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გემ ,,ვირჯინიაზე” დაიბადა და არასოდეს დაუტოვებია იგი. ის ამ გემის სული და გული იყო, იგი ქმნიდა აქ საოცარ განწყობას, დაუვიწყარ ემოციებს გემის მგზავრებისთვის. მისი შესრულება უბადლო იყო. მაგრამ ცხოვრებას თავისი გეგმები აქვს. ყველაფერი წარმავალია. ლეგენდის გარდა.
ფილმი ბედისწერაზე და მოწოდებაზე. ხელოვნების უსაზღვრო სიყვარულზე. უსასრულო სევდაზე. ფილმი სიცოცხლეზე. სიკვდილზე. და მარადიულობაზე…
გადაღებების დიდი ნაწილი ქალაქ ოდესაში მიმდინარეობდა, გემ ,,Лесозаводск” -ზე. რადგან ფილმის ნაწილს ღია ზღვაშიც იღებდნენ, დეკორაციებით შენიღბულ და უძრავო გემს სამაშველო გემზე აბუქსირებდნენ და ზღვაში ისე გაყავდათ. ერთ დღეს ზღვაზე შტორმი ამოვარდა და მთელს გადამღებ ჯგუფს ,,მასოვკასთან” ერთად (დაახლოებით 200 ადამიანი) ღამის გათენება ამისათვის სრულიად მოუმზადებელ ,,Лесозаводск”-ზე მოუწია.

