ჯუზეპე ტორნატორეს ნაკლებად ,,ცნობილი” შედევრი: ფსიქოლოგიური თრილერი ტრეფიკინგზე.
პატარა პროვინციალურ იტალიურ ქალაქში უკრაინიდან ემიგრირებული ქალი- ირინა ჩამოდის. მას რატომღაც ერთი სახლი და ერთი კონკრეტული ოჯახი აინტერესებს. მისი მოტივი სრულიად უცნობია, მაგრამ იგი დაჟინებით ცდილობს ოჯახის წევრების ნდობა მოიპოვოს. ირინა მეზობლად ქირაობს ბინას, სამუშაოდ ეწყობა ამ სახლში და იწყებს მისი საიდუმლო გეგმის შესრულებას… ფილმის მსვლელობისას ნელ-ნელა ეწყობა არამკაფიო სურათი წარსულიდან. რეჟისორი ნამცეც-ნამცეც გვაძლევს ინფორმაციას ირინას ცხოვრებაზე და მხოლოდ ფინალში გახდება გასაგები ცხოვრება ქალისა, რომელსაც მთელი ფილმი თვალს ვადევნებთ და მაინც უცნობი რჩება ჩვენთვის.
ჯუზეპე ტორნატორეს შესანიშნავი სცენარი და რეჟისურა, ქსენია რაპოპორტის და მიქელე პლაჩიდოს დამაჯერებელი თამაში, ფაბიო ზამარიონის საოცარი კამერა და ენიო მორიკონეს გულშიჩამწვდომი მუსიკა.