სტივენ სოდერბერგის კრიმინალური დრამა-ლაბირინთი გასული საუკუნის შუახნის დიდი კორპორაციების შეთქმულებაზე და განგსტერებზე.
მე-20 საუკუნის 50-იანი წლები. დეტროიტი. მანქანათმშენებლობის მსოფლიო ცენტრი. ციხიდან ახალ განთავისუფლებულ კურტ გოინს და ადგილობრივ კრიმინალურ ელემენტს რონალდ რუსოს დაიქირავებენ ერთი შეხედვით ,,იოლ” საქმეზე. მათ რომელიღაც კომპანიის ბუღალტერის ოჯახს უნდა ,,უყარაულონ”, სანამ ეს ბუღალტერი ოფისიდან რაღაც მნიშვნელოვან დოკუმენტს მოიტანს. თანხას კი ესეთი ,,იოლი” საქმისთვის სოლიდურს იხდიან. ზუსტად ეს არ ასვენებთ მთავარ გმირებს, დიდი შანსია ამის უკან კიდევ რაღაც იმალებოდეს…
უნაკლო რეჟისურის წყალობით პირველ რიგში იმ ანტურაჟში ვეფლობით, რომელიც ამ ხანის ამერიკას ახასიათებს. რებუსის გახსნა კი მაყურებელს ფილმის გმირებთან ერთად მოუწევს, იმიტომ რომ ისინიც ვერ ხვდებიან რა ხდება ბოლომდე და დაჟინებით ცდილობენ გაარკვიონ: ვინ დაიქირავა, რატომ და რა საბოლოო მიზნისათვის. მიზნის არჩევანი არც ისე დიდია: ფული, ძალაუფლება თუ გადარჩენა, თუმცა ვის რა შეხვდება ფინალში გაირკვევა.