ჰოლანდიური შავი კომედია კრიმინალის ელემენტებით შუახნის ასაკის კრიზისზე.
მარტენ მონრო- ერთფეროვანი ცხოვრებისგან გადაღლილი ფილოსოფიის პედაგოგია, რომელსაც ნამდვილად და სიღრმისეულად აღარაფერი აღელვებს და დღითიდღე თავის დაკარგულ შესაძლებლობებს მისტირის. როდესაც იგი შემთხვევით ჰიპერმარკეტში ძარცვის მოწმე ხდება, იგი მიხვდება რომ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მის ხელთ აღმოჩნდება პისტოლეტი, რომელიც მასში ფარულ ვნებებს აღძრავს. მარტენი მზადაა რადიკალურად შეცვალოს მისი ცხოვრება.
ჰოლანდიელი რეჟისორი ჯოოსთ ვან ჰეზიკი გვთავაზობს მთავარი გმირის სამყაროში ჩავეფლოთ, რომელიც შუახნის ასაკის კრიზისს განიცდის. სტაბილური სამსახური, მეუღლე და შვილები ჯერ კიდევ არ არის გარანტი, რომელიც საკმარისია, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრნოს. გაშვებული შესაძლებლობები და დაკარგული წლები გონებას მძიმედ აწვება. საჭიროა ძლიერი მოტივაცია, ,,მეორე სიცოცხლე”, რომ ადამიანმა თავი დაიხსნას ერთფეროვნების და გაუთავებელი სევდის მავთულხლართებისგან. თუმცა ამგვარი მოტივაცია ზოგჯერ შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს…