ჯონ ჰერცფილდის გაქირავებაში ჩავარდნილი სოციალური სატირა ამერიკულ საზოგადოებაზე და შესანიშნავი კრიმინალური თრილერი.
ორი კრიმინალი (ემილი და ოლეგი) აღმოსავლეთ ევროპიდან შტატებში ჩამოდის. 90-იანების კლასიკური ,,საძმოს” სტილში ისინი ადგებიან თავის თანამემამულეებს და ძველი ვალების გასწორებას სთხოვენ. და თანაც ამას ყველაფერს ოლეგი მაღაზიიდან მოპარულ ვიდეოკამერაზე იღებს. მას უნდა კინო გადაიღოს იმაზე რაც ხდება და ამით სახელი გაითქვას. თუმცა სახელის მოხვეჭა მხოლოდ მისი პრეროგატივა და სურვილი არაა. პოლიციელებსაც სურთ დამნაშავეების დაკავებით პოპულარობა მოიპოვონ. ამაში მათ რეიტინგული გადაცემა ,,15 წუთი” ეხმარება, რომელიც კრიმინალურ ქრონიკას აშუქებს.
ფილმი საკუთარი სცენარით დადგა ნაკლებად ცნობილმა რეჟისორმა ჯონ ჰერცფილდმა, რომელიც მანამდე ტელევიზიაში მუშაობდა. მისი კრიმინალური თრილერის უკან ნამდვილი სატირა იმალება მასმედიაზე და ზოგადად ამერიკულ საზოგადოებაზე. რეჟისორი არ ინდობს არც სენსაციას დახარბებულ, სვავებად ქცეულ ჟურნალისტებს, არც სახელისმოხვეჭით შეპყრობილ პოლიციელებს და არც ამერიკულ საკანონმდებლო სისტემას, რომელიც აძლევს საშუალებას კრიმინალებს სასჯელს თავი აარიდონ.