კლაუსტროფობიული ,,ნონ-სტოპ” თრილერი ლაბირინთში მოხვედრილ სასოწარკვეთილ ადამიანზე.
ლიზა სუიციდის ზღვარზე მყოფი, ფსიქოლოგიურად განადგურებული ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც შუაღამისას უცნობ მამაკაცს უჯდება მანქანაში. მათ შორის ხანმოკლე გულახდილი საუბრის შემდეგ, ხდება მანქანის დამუხრუჭება და ლიზა გრძნობას კარგავს, რის შემდეგ იგი უცნაურ ადგილას მოდის გონს. ირგვლივ ლითონის კედლები და ვიწრო მილებია, ხელზე კი ელექტრონული სამაჯური აქვს, რომლის თაიმერი აიძულებს ამ მილებში გზა გაიკვლიოს და უცნაურ თამაშში ჩაებას.
მატიო ტური ოდესღაც რეჟისორის თანაშემწედ მუშაობდა ტარანტინოსთან ,,უსახელო ნაბიჭვრებზე” , ამის შემდგომ კი გადაწყვიტა კინოში ეცადა ბედი უკვე რეჟისორის როლში. და ამ ცდამ ნაყოფი გამოიღო. მისი რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი სულის მოთქმას არ აცლის არც მაყურებელს და არც მთავარ გმირს, რომელსაც მთელი მისი ძალების აკუმულირება მოუწევს სასიკვდილო ლაბირინთიდან თავის დასაღწევად.