მარტინ მაკდონაჰის ფსიქოპათიური კომედია შვიდ დამთხვეულზე არარეალური სიუჟეტითა და არანორმალურად მაგარი მსახიობებით.
ხელმოცარული და მუხტდაკარგული სცენარისტი ცდილობს იპოვოს შთაგონება ახალი სცენარის დასაწერად. მას ამაში მისი უცნაური მეგობარი ეხმარება. ამ მეგობარს თავის მხრივ კიდევ არანაკლებ უცნაური მეგობარი ჰყავს, რომელიც შარში გაეხვევა. ეს შარი მალე მეგობრებისთვის საერთო გახდება. ისინი ადგილობრივ მთავარ განგსტერს უპირისპირდებიან, რომელსაც ადამიანების სიცოცხლეზე მეტად თავისი პატარა ძაღლი აღელვებს…
ჩახვეული სიუჟეტური ხაზები ფილმში მრავლადაა და ყველა ხაზი საინტერესოა, ისევე როგორც პერსონაჟები, ყველა ბოლომდე მიყვანილი, დამუშავებულია და ერთმანეთში საოცრად იკვეთება. მაკდონაჰისთვის დამახასიათებელი შავი იუმორი არასდროს არ არის ზედმეტი, უფრო სწორედ ზედმეტად შავი. ფილმი ისეთი შეუთავსებელი ჟანრების მიქსია როგორიცაა შავი კომედია, სატირა, ექშენი, დრამა, ფსიქოლოგიური თრილერი, მაგრამ მაკდონაჰისთან ეს ყველაფერი ჰარმონიულად გამოიყურება და ეჭვი არ გვეპარება მის სისწორეში.