კარლოს რეიგადასის თითქოს ავტობიოგრაფიული და პოეტური დრამა ოჯახური წყვილის თავისუფალ ურთიერთობებზე, სადაც ეჭვიანობა, სექსუალურობა, სიყვარული, ცხოველური ინსტიქტები რეჟისორის კვლევის მთავარი სამიზნე და ქვაკუთხედია.
ხუანი და ესტერი ოჯახური წყვილია, რომელთაც არაერთი წელი აკავშირებთ თანაცხოვრებისა. მათ მყუდრო, ქალაქგარე რანჩოზე მათი მეგობრები და ნაცნობები იკრიბებიან, რათა თვალი ადევნონ ხარებისა და ცხენების გაწვრთნის პროცესს. პარალელურად ხუანი ლექსებს წერს(იგი საეთაშორისო აღიარების მქონე პოეტია), ხოლო ესტერი ინგლისურ ლიტერატურას ასწავლის. მათი კავშირი და თავისუფალი ურთიერთობებისაკენ სწრაფვა მზარდ კრიზისს განიცდის, რაც ხუანში და ესტერში არაერთგვაროვან განცდებს და გადაწყვეტილებებს ბადებს…
მთავარ როლებს ფილმში თვითონ რეჟისორი და მისი მეუღლე თამაშობს, რაც ეკრანზე მიმდინარე პროცესს მეტ დამაჯერებლობას მატებს და ირიბად მიგვანიშნებს ამ ადამიანების სურვილზე, ჩაღრმავებულ იყვნენ თავიანთ თავში და ადგილზე გარკვეულიყვნენ მათ ურთიერთობებში. ურთიერთობებში, რომელიც ზოგჯერ არც ისე იოლი და აშკარაა, როგორც ხარის ცხოველური ინსტიქტები.

