ალფრედ ჰიჩკოკის სტილისტიკურად გამორჩეული ვუაერისტული თრილერი.
მოტეხილი ფეხის გამო სავარძელს მიჯაჭვული ფოტორეპორტიორი მოწყენილობისგან მეზობლებს აკვირდება მისი საცხოვრებლის ფანჯრიდან. ფანჯარა უკანა პატარა ეზოზე გადის, სადაც სხვადასხვა პროფესიისა და მოწოდებების ხალხს მოუყრია თავი ოთხსართულიან სახლში. რეგულარული დაკვირვება მეზობლებზე უკვე ერთადერთ გასართობად და ერთგვარ მოთხოვნილებად ქცეულა რეპორტიორისთვის, როცა იგი ამჩნევს რომ ერთ-ერთი მეზობელი ძალზედ უცნაურად იქცევა…
ფილმი სტილისტიკით გამორჩეულია ჰიჩკოკის სხვა ნამუშევრებისგან და ამას არა მხოლოდ ვიზუალურად, არმედ ფილმში ხაზგასმული ატმოსფეროთიც აღწევს. არ შეიძლება არ აღინიშნოს ჯეიმს სტიურტის და გრეის კელის შესანიშნავი სამსახიობო დუეტი. ტექნიკური კუთხითაც ფილმი უნიკალური და შეუდარებელია. რეჟისორმა მისი ძირითადი ნაწილის გადასაღებად ერთი მთავარი რაკურსი შეარჩია. ეს გადაწყვეტილება გვიქმნის ერთიანი სივრცის შეგრძნებას, თითქოს ჩვენ- მაყურებელი ვადევნებთ თვალს მეზობლებს ბინოკლიდან. ფილმისთვის შექმნილი პავილიონის დეკორაციები იმ მომენტისთვის ყველაზე დიდი იყო, რაც კი ,,პარამოუნთ პიქჩერსის” სტუდიაში შექმნილა.