ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომის ნომინანტი, საოცარი მუხტის და ,,დრაივის” მქონე კრიმინალური დრამა.
ფილმის პირველივე წუთებიდან ეთნიკური მაროკოელების დაჯგუფებას ვადევნებთ თვალყურს, რომელიც პარიზის გარეუბანში დაფუძნებულან. აქ მათი სამყარო, ერთი დიდი ოჯახია, სადაც უცხოსთვის ადგილი არაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და პატივს სცემს. მანუელიც ამ დიდი ოჯახის წევრია, სადაც ბევრისთვის ნარკოტიკებით ვაჭრობა და სხვა არალეგალური საქმიანობა ცხოვრების წესია.
ამ სამყაროდან პოლიციის სამსახურში წასულები უკვე ბარიკადების მეორე მხარეა და ისინი ოჯახიდან გარიყულად ითვლებიან. მაგრამ ცხოვრებას თავისი მოულოდნელი სიურპრიზები აქვს და რაღაც მომენტში, როცა ღირსების დაცვა გიწევს, აღარ აქვს მნიშვნელობა ბარიკადების რომელ მხარეს ხარ.
რეჟისორი ორი დაპირისპირებული ბანაკის: დამნაშავეთა სამყაროს და წესრიგის დამცველების სამყაროს შორის კონფლიქტის ფონზე გვიყვება პარიზული გარეუბნების და მისი ეთნიკური მაცხოვრებლების დრამატულ ისტორიას. ფილმი თავიდან ბოლომდე თითქოს სიცოცხლისათვის საშიში ,,მაღალი ძაბვითაა” დამუხტული, რაშიც (გარდა რეჟისორისა) ოპერატორს და მსახიობების უშუალო თამაშსაც შეაქვს თავისი ლომის წილი.