საშინელებათა ფილმების რეჟისორის დევიდ ბრუკნერის დრამატულ-მისტიკური ფილმი სახლში მარტო დარჩენილ სასოწარკვეთილ ქალზე, რომლსაც არაამქვეყნიური კოშმარები სტანჯავს.
ბეთი მეუღლის სიკვდილს ძალიან განიცდის. იგი მის ქალაქგარე ტბის პირა სახლში ძველ ნივთებს ალაგებს, რათა ცოტათი მაინც შეიმსუბუქოს სევდა. მას ღამე კოშმარები და უცნაურად რეალისტური სიზმრები სტანჯავს. ზოგჯერ სიზმარი იმდენად რეალურია, ბეთი ვეღარ ავლებს ზღვარს ცხადს და არარეალურს შორის. იგი უფრო და უფრო გრძნობს მისი გარდაცვლილი მეუღლის ყოფნას სახლში…
ფილმს თამამად შეგვიძლია ერთი მსახიობის კინო ვუწოდოთ. მთელი ქრონომეტრაჟი და ფილმის დრამატიზმი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ბრიტანელი მსახიობის- რებეკა ჰოლის მხრებზე დგას, რომლის მსგავსად მისტიკურ თემატიკაში ესე ჩაფლობა ცოტას თუ შეუძლია. ისეთ გამოცდილ ჰორორ-რეჟისორს როგორიც ბრუკნერია(რომელმაც კარგად იცის როგორ შეახტუნოს მაყურებელი), არ გაუჭირდებოდა მსახიობის ეს ნიჭი სრულად გამოეყენებინა. მას არ ეშინია მსახიობის ახლო კადრში ჩვენების, რათა მის თვალებში სრულად აღებეჭდოს ის საშინელება თუ განცდები, რაც კამერის მიღმა ხდება.