70-იანების სულით გაჟღენთილი, ამერიკული კინოს კლასიკურ კანონებზე აწყობილი ფილმი ძარცვაზე და მარტოხელა მძღოლზე, შექმნილი ჟან პიერ მელვილის ,,სამურაის” ინსპირაციით.
სიუჟეტის ცენტრში უაღრესად ნიჭიერი ავტო-გამტაცებლის და გამოცდილი პოლიციელის დაპირისპირებაა. უკანასკნელი მანიაკურად არის შეპყრობილი პირველის გისოსებს მიღმა გამოკეტვით. საბედისწერო დუელი სულ უფრო გარდაუვალი ხდება. მშვენიერი და არაპროგნიზირებადი ქალიშვილის გაცნობა მთავარი გმირის ცხოვრებას კიდე უფრო ართულებს, ვიდრე ალამაზებს.
,,მძღოლი” -რეჟისორ უოლტერ ჰილის რიგით მეორე ნამუშევარია, რომელიც ,,ნუარის” ჟანრშია შესრულებული: კრიმინალური სიუჟეტი, ღამის სცენები, იდუმალებით მოცული საბედისწერო ქალი, მწირედ მოლაპარაკე გმირები-ყველაფერი თავის ადგილზეა. საინტერესოა, რომ ფილმში არცერთ გმირს სახელი არა აქვს. მაშინდელი გამოცდილების არქონის მიუხედავად ჰილმა შეძლო მთელი ფილმის განმავლობში შეენარჩუნებინა თხრობის ერთიანი რიტმი და ხელიდან არ გაეშვა სიუჟეტური კვანძები. ამ ფილმა საფუძველი დაუდო ვიდეო-თამაშების პლატფორმაზე შექმნილ იგივე სახელწოდების პოპულარულ თამაშს.