რიუსუკე ჰამაგუჩის ჩეხოვის ,,ძია ვანიას” მიმართ უდიდესი სიყვარულით განმსჭვალული სამ საათიანი ფილმი ჰარუკი მურაკამის მოთხრობის მიხედვით.
იუსუკე კაფუკუ თეატრალური რეჟისორი და მსახიობია, რომელიც თეატრში ,,გოდოს მოლოდინში” და ,,ძია ვანია”-ს თამაშობს. მისი მეუღლე ოტო, სცენარისტია. იგი და მისი ქმარი მანქანაში სცენარებს განიხილავენ, რომელიც ოტოს თავში ინტიმური სცენების დროს მოსდის. ერთხელაც იუსუკე სახლში დაუგეგმავად ბრუნდება და მის ცოლს ახალგაზრდა მსახიობთან ერთად საწოლში ნახავს. იგი არაფერს ამბობს და ჩუმად მიდის. რაღაც დროის შემდეგ ოტო ინსულტით იღუპება… და ეს 40 წუთიანი პროლოგია ფილმისა, რომლის შემდეგ საწყისი ტიტრები ჩნდება ეკრანზე.
ჰამაგუჩი ნელი რეჟისორია, მას არსად ეჩქარება, რადგან ბოლომდე უნდა გახსნას მისი ფილმის რთული პერსონაჟები. მისი სიყვარული დიალოგების მიმართ აშკარაა. როგორც აშკარაა მისი სიყვარული ჩეხოვის მიმართ. მეუღლის დაკარგვის შემდეგ იუსუკე ,,ძია ვანიას” დგამს ჰიროსიმაში და ფილმის ძირითადი მოქმედება ამ პროცესს ეძღვნება. ფილმის გმირები განწირულები არიან ჩეხოვის დიალოგებისთვის და იმ დრამისთვის, რომელსაც ცხოვრება უმზადებს ადამიანებს.