პაოლო სორენტინოს საოცარი კადრებით და პერსონაჟებით, სიცოცხლით სავსე ავტობიოგრაფიული ფილმი.
ახალგაზრდა ფაბიეტო სკიზეს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანების მოუსვენარ და მჩქეფარე ნეაპოლში ცხოვრობს, გარშემო არაჩვეულებრივი ხალხი ახვევია თავს: მოსიყვარულე მშობლები, რომლებიც შანსს არ უშვებენ რამეზე არ იშაყირონ, ნათესავები, რომლებიც აქტიურად განიხილავენ ერთმანეთის პირად ამბებს, დიდგვაროვანი და გულუბრყვილო მეზობლები, რომლებიც ფაქტიურად ოჯახის წევრებად ითვლებიან. მთელი ნეაპოლი ელოდება ნახევრად დაუჯერებელი ოცნების ახდენას. უკვე კარგა ხანია ქალაქში მითქმა-მოთქმა არსებობს იმის თაობაზე, რომ ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა შეიძლება მარადონა იყიდოს. ეს პატარა ქალაქის ცხოვრებას კიდევ მეტად გააფერადებს და საოცარ ვნებებს შესძენს…
ამ ფილმში თითქოს ყველაფერია, რის გამოც კინო შეიძლება გვიყვარდეს. კარგი იტალიური კინოსთვის დამახასიათებელი საინტერესო პერსონაჟები, სევდიანი და მხიარული გმირები. მათი სევდიანი და მხიარული ისტორიები. წყენები და შერიგებები. სიყვარული და ღალატი. ნახევრად მისტიური ამბები. ნეაპოლის ულამაზესი ხედები. ვულკანი. ზღვა. ცისფერი ცა. ფეხბურთი. მარადონა. ეს სორენტინოს სამყაროა. მისი ყმაწვილობის სამყარო. სიყვარულის და სევდის ფილტრით დანახული სამყარო, თავისი დანაკარგებით და მარადიული ხსოვნით.