ცხოვრებისეული ძიებები და სიყვარულისგან დაპაუზებული სამყარო ,,თელმას” რეჟისორის- იოაკიმ ტრიერის არასტანდარტულ რომანტიკულ მელოდრამაში.
იულია უეცრად მედიცინის უნივერსიტეტში სწავლას თავს ანებებს . რაღაც არ მოსწონს, სხვა უნდა. ფსიქოლოგიის შესწავლა უნდა. არა, აღმოჩნდა ფოტოგრაფია უფრო აინტერესებს. ძალიან მრავალმხრივი ადამიანია. საბოლოოდ წიგნების მაღაზიაში მოეწყობა კონსულტანტად. მალე მასზე ორჯერ უფროსს, კომიქსების ავტორს- აქსელს გაიცნობს. ცხოვრება მიდის თავისი დინებით. მაგრამ არა რა თქმა უნდა იდეალურად. იულია ეძებს საყრდენს, მოსაჭიდს. მას ბევრი რამე არ მოსწონს, არ აწყობს. იულია გაურბის ყოველდღიურ ,,რუტინას”, მოწყენილობას. იგი იკვლევს გარშემო ყველას და ყვლაფერს.
ფილმი 12 თავად, პროლოგად და ეპილოგადაა დაყოფილი. ყოველი ნაწილი მთავარი პერსონაჟის გარკვეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მნიშვნელოვან მომენტებს ეყრდნობა. ეს არის ახალგაზრდა ადამიანების თვალით დანახული დღევანდელი უკომპრომისო სამყარო: მისი ტკივილებით, მისი სირთულეებით, ვნებით, ღალატით და სიყვარულით, ბედნიერი და სევდიანი წუთებით, სიკვდილით, სიცოცხლით…
არ შეიძლება არ აღინიშნოს მთავარი როლის შემსრულებლის რენატა რეინსვეს(კანის კინოფესტივალის პრიზი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის) მომხიბვლელობა და განსაკუთრებული ენერგეტიკა, რომლის საოცრად ბუნებრივი თამაშის და შესანიშნავი სცენარის (ესკილ ვოგტი) გარეშე რეჟისორის ჩანაფიქრი არ შედგებოდა.