სტეფან ბრიზეს დრამა უმუშევრობაზე, სოციალურ პრობლემებზე, თუ როგორ ინელებს 50 წლის საშუალო სტატისტიკურ ევროპელს თანამედროვე შრომის ბაზარი.
ტიერი 51 წლის მამაკაცია, რომელიც სამსახურში შტატების შემცირებაში მოყვება და უმუშევარი რჩება. მიუხედავად ასაკის და ბიუროკრატიული ფორმალობების, იგი განაგრძობს სამსახურის ძებნას. იგი და მისი მეუღლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს ზრდიან და მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
ტიერის უმართლებს და ჰიპერმარკეტში იწყებს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობას. თითქოს ერთი პრობლემა მოგვარდა, მაგრამ თავს წამოყოფს მეორე, არანაკლებ რთული და ძნელად მისაღები გადაწყვეტილება: სად გადის მორალური ზღვარი კანონის უზენაესობას და თანაგრძნობას შორის.
უმუშევრობის თემა ყოველთვის იყო და რჩება სხვადასხვა თაობის რეჟისორების კვლევის საგანი. იგი დღესაც ერთ-ერთი აქტუალურად განხიხილავდა დასავლურ კინოში და საზოგადოებაში ზოგადად. თითქმის ყოველი მეორე კინოფესტივალის ფილმი ამ თემას ეძღვნება. არც სტეფან ბრიზეს კანის ფესტივალის ნომინანტი ფილმია გამონაკლისი, რომლის კინოგმირები მაქსიმალურად ცოცხლები და ბუნებრივები არიან.
რეჟისორი ეცადა რაც შეიძლება რეალისტურად გადმოეტანა ცხოვრება ეკრანზე, დაკისრებულ ამოცანას მსახიობებმა კი თავი კარგად გაართვეს: შესრულებული როლისთვის ვენსან ლინდონს კანის 2015 წლის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში მთავარი პრიზი გადაეცა.