ფრანგული თრილერი საავიაციო ანალიტიკოსზე, რომელიც ავიაკატასტროფის შემდეგ თვითმფრინავის შავი ყუთიდან ამოღებული ინფორმაციის გაშიფვრას ცდილობს.
ავიაკატასტროფა თავისთავად შემზარავი მოვლენაა. ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება საშინელი და ზოგჯერ არალოგიკური შემთხვევების წყალობით. კატასტროფის მიზეზების დადგენა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე, რადგან მის უკან პოლიტიკური თუ ტექნიკური მიზეზების გარდა დიდი კომპანიების რეპუტაცია, მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას ხოლმე. ასეთ შემთხვევებში პატარა დაცულ ყუთს, სადაც პილოტების ხმოვანი ჩანაწერები ინახება, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მატიოს უნიკალური სმენა ამ საქმეში ფასდაუდებელია.
იგი ფრენების მართვის ფრანგულ ბიუროში მუშაობს. ექსცენტრულ და ძალზედ ნიჭიერ საავიაციო ანალიტიკოსს, რომელიც დიდი კომუნიკაციის უნარებით არ გამოირჩევა, ავალებენ ავიალაინერის კატასტროფის მიზეზების გარკვევას, რომელსაც 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
იან გოზლანის თრილერის მსვლელობისას დეტექტიური სიუჟეტი კატასტროფის იდუმალ მიზეზებთან ერთად სულ უფრო იმატებს. ფილმის დაძაბული ატმოსფერო და მსახიობების ბუნებრივი თამაში დაშვებული ავიალაინერის სავარძელს მიკრული მგზავრებივით მიგვაჯაჭვებს ეკრანთან, რომლის მთავარი საიდუმლო როგორც შავი ყუთის შემთხვევაში მის შემცველობაშია.