,,პატიოსანი” კაცის დრამა ირანელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის ფილმში.
ფილმის გმირი – მორიდებული კალიგრაფი რაჰიმი ფულს სესხულობს მისი ყოფილი სიმამრისგან, რათა საქმე წამოიწყოს. მისი პარტნიორი საქმეში გადააგდებს და გაიქცევა, რაჰიმი ვალს ვერ იხდის და მოვალეების ციხეში ჯდება.
ციხიდან შვებულებაში რამოდენიმე დღით გამოსული, მის ახალ საცოლესთან ერთად ჩანთას პოულობს ოქროს მონეტებთან ერთად. იგი რთული არჩევანის წინაშე დგება: გადაიხადოს ვალი და ციხიდან დაიხსნას თავი თუ მოიქცეს პატიოსნად და ნაპოვნი ძვირფასეულობა პატრონს დაუბრუნოს?
ასგარ ფარჰადი მისი ფილმებისთვის (,,ნადერის და სიმინის განქორწინება”; ,,კომვოიაჟერი”) დამახასიათებელი, დამუშავებული ყოფითი დეტალებით კიდევ უფრო მეტ რეალობას სძენს ეკრანზე გათამაშებულ დრამას. მისი ფილმის მთავარი გმირები უბრალო, არანაირი სოციალური სტატუსით ან წოდებით გამორჩეული ხალხია, რომლებისთვის მთავარი ის ღირებულებებია, რომელიც დღევანდელი ,,ცივილიზებული” სამყაროსთვის ცოტა არარეალური და ხშირად ალბათ ირონიული ღიმილის მომგვრელია.