მეან-გინეკოლოგის ყოველგვარ რომანტიზმს მოკლებული ყოველდღიურობა ადამ კეის ბესთსელერის იგივე სახელწოდების ეკრანიზაციაში.
წიგნის და სერიალის ავტორი წლების განმავლობაში სამშობიარო განყოფილებაში მუშაობდა და პირველ პირში (ირონიითა და შავი იუმორით) აღწერა ექიმის რთული პროფესია და მასთან დაკავშირებული ნიუანსები.
სტანდარტულ სამედიცინო სერიალებს მიჩვეული მაყურებლის საყურადღებოდ პირდაპირ უნდა ითქვას: სერიალში არაა თავსატეხებად ქცეული რთული დიაგნოზები, ასევე ექიმების ,,მაგარი” გუნდი, რომლებიც მზად არიან ერთმანეთთან შეწყობილად გაანალიზონ და ამოხსნან ნებისმიერი სამედიცინო ამოცანა. ამ სერიალის გმირი უბრალო ადამიანია. არც მოდური ხელჯოხი აქვს და არც რამე განსაკუთრებული ტალანტი გააჩნია.
იგი ერთი ჩვეულებრივი ექიმია, რომელიც თავის საოცრად რთულ სამუშაოზე, ყოველდღიურ რეჟიმში იბრძვის მისი პაციენტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. მისი სახელია ადამი და იგი სამშობიარო განყოფილების ორდინატორია, მისი მთავარი იარაღი და დამხმარე ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში კი -იუმორი.