კანის ოქროს პალმის მფლობელი (დრამატულ ავტორთა და კომპოზიტორთა კავშირის პრემია) ფრანგული ფილმი ზრდასრულობაზე, ძმობაზე და ცხოვრებისეულ სიძნელეებზე.
1980 წელი. ღრმა პროვინციალური საფრანგეთი. ფილიპს და მის უფროს ძმას ჯერომს, რომელიც მასზე 6-7 წლით უფროსია, თავიანთი რადიოსადგური აქვთ, სადაც თავიანთ ამბიციებს იკმაყოფილებენ და ერთობიან. ჯერომი რადიოეთერის ხმა, წამყვანი ძალა, მუხტი, სამეგობრო წრის ცენტრია, მოკრძალებული ფილიპი კი ტექნიკური მხარდაჭერა: ეთერში გასვლა, მუსიკა, ხმების დადება მის კისერზეა. მალე ფილიპისათვის გარდამტეხი მომენტი დგება, როცა მას ჯარში იწვევენ. აქამდე იგი თავისი ძმის ჩრდილში და გავლენის ქვეშ იყო, ეხლა კი მას მოუწევს მარტო გაიკვლიოს გზა და თავისი ინდივიდუალურობა, ზრდასრულობა დაამტკიცოს.
ფილმის მაყურებელი ახალგაზრდა ადამიანის თავისი თავის გადალახვის მრავალსაფეხურიანი და რთული პროცესის მონაწილე ვხდებით, რომელსაც ცხოვრება სხვადასხვა ფორმით და სიმწვავით ყველა ჩვენთაგანს უმზადებს. ფილმი თავისუფალია მკვეთრი ნახტომებისგან, კაშკაშა ფეიერვერკებისგან. დასაწყისში თითქოს რთულია სიუჟეტში ლოგიკური მარცვლის მიგნება, მიყოლა, მხოლოდ ფინალისკენ იკვეთება ფილმის მთავარი იდეაც და მორალიც.