ტარიკ სალეჰის სანედენსის გრან-პრის მფლობელი დეტექტიური დრამა, რომელიც ეგვიპტის 2011 წლის არეულობის დროს ვითარდება.
ეგვიპტე, ქაირო. 2011 წლის იანვარი. ქვეყანა პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის დამხობის პირასაა. დედაქალაქის სასტუმრო ,,ნილ ჰილტონში” პოპულარული მომღერალი ქალის გვამს პოულობენ. სასტუმროს დამლაგებელი- სუდანიდან ემიგრირებული ახალგაზრდა ქალი მკვლელობის მოწმე ხდება. მიუხედავად მოწმის არსებობისა, პოლიცია ნაჩქარევად ხურავს საქმეს, რადგან საქმეში ცნობილი ბიზნესმენი და მთავრობის მომავალი წევრი ფიგურირებს. მაგრამ რატომღაც კორუფციაში თავიდან ფეხებამდე გახვეული პოლიციელი ნორედინი, გადაწყვეტს ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს…
ეგვიპტური ფესვების მქონე შვედმა რეჟისორმა ქვეყანაში არსებული ტოტალური კორუფციის სამხილებლად საინტერესო და დაძაბული ისტორია შექმნა.
ფილმი ხარისხიანად და დეტალების მიმართ ყურადღებითაა გაკეთებული, რაც მისი მოქმედების დინამიურობას და მთავარი გმირების ბოლომდე გახსნას ხელს უწყობს. მისი გმირები ძალზედ რეალური და მიწიერები არიან, როგორც მათი სურვილები და გადაწყვეტილებები. მზარდი დაძაბულობის ატმოსფერო მთელ ფილმს გასდევს და ფინალში ყველაფერი (რევოლუციაც და გამოძიებაც) ლოგიკურ დასასრულამდე მიდის.