შარლოტა უელსის (Charlotte Wells) სადებიუტო, მშვიდი ზღვასავით აუღელვებელი, თუმცა დიდი სევდის მატარებელი დრამა ზრდასრულობაზე, მამისა და შვილის ურთიერთობაზე.
ფილმი ნელი სვლით, კადრიდან კადრამდე გვაწვდის მამისა და შვილის ურთიერთობის ეპიზოდებს, სოფის 20 წლის წინანდელი მოგონებებიდან. ბრიტანელი ახალგაზრდა მამაკაცი და მისი 13 წლის გოგონა, რომელიც ეს ესაა იწყებს სამყაროს შეცნობას, თურქეთის მზიან კურორტზე ჩადიან დასასვენებლად.
სოფისთვის ბევრი რამე, რაც მის ირგვლივ ხდება სრულიად სიახლეა. იგი ღრუბელივით ისრუტავს რასაც ხედავს და რაც მისი ინტერესების სფეროში ხვდება. ეს ძალიან ფაქიზი ასაკია და მას გამოცდილი მეურვე სჭირდება, რომ ყველაფერი სწორად გაიგოს. მამა ხომ ამისთვისაა მის გვერდით, რომ ეს მისია შეასრულოს, თუმცა მამას თვითონ ძალიან უჭირს ოჯახისგან განცალკევებით ყოფნა და ურთიერთობის დეფიციტს განიცდის. ეს თითქოს სრულიად სხვადასხვა, მაგრამ ორი მონათესავე მარტოსული მზის სხივებით გამთბარ კურორტზე დაეხეტებიან, აუზში ყვინთავენ და აკვირდებიან ერთმანეთს, სხვებს და საკუთარ თავს. და ცდილობენ ურთიერთობას, ცდილობენ მოეჭიდონ განცდებს, გრძნობებს, მზეს…
ფილმი 2022 წლის კანის კინოფესტივალის პროგრამა- ,,კრიტიკის კვირეულის” მონაწილეა.

