თრილერისა და სასიყვარულო დეტექტივის კორეული ნაზავი სახელგანთქმული ტრილოგიის (თანაგრძნობა ბატონ შურისძიებას; ოლდბოი; თანაგრძნობა ქალბატონ შურისძიებას.) ავტორისაგან.
ჩან ხე ჯუნი გამოცდილი დეტექტივია, რომელიც მის ახალგაზრდა და მომხიბლავ მეუღლესთან ერთად ერთი შეხედვით უშფოთველად ცხოვრობს. დეტექტივს ძალიან უყვარს თავისი სამუშაო, თუმცა საქმეების ნაკლებობას განიცდის(მკვლელობები იშვიათად ხდება) და ხშირად დეპრესიაში ვარდება. როგორც იქნა, გამოჩნდება საქმე: ნაპოვნია მამაკაცის გვამი, რომელიც კლდეს მოწყდა და დაიღუპა, ხოლო მისი ცოლი მთავარი ეჭვმიტანილია. გამოძიებისას გაუთვალისწინებელი რამ ხდება: ჩან ხე ჯუნს და ეჭვმიტანილ სონ სორეს შორის გრძნობები იფეთქებს, რომელსაც გამომძიებელი ჩიხში შეყავს-ახალი აღმოცენებული სიყვარული და მისი ცხოვრების პროფესია ერთმანეთს ეჯახება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში…
ახალ ფილმში პაკ ჩხან-უკმა მის ჩვეულ, შოკისმომგვრელ, სასტიკი სცენებით დატვირთულ სტილს გადაუხვია და დეტექტივის ბურუსში გახვეული, სიყვარულის ლამაზი ისტორია შემოგვთავაზა.
კორეელი რეჟისორი თავის ნამუშევარში ადამიანის ბუნებას და ცხოვრების განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების საფუძვლებს იკვლევს. ადამიანის მომავალს, ხომ ხშირად მისი გადაწყვეტილებები განაპირობებს. ამასთანავე, ცხოვრება მეტწილად თამაშია, და მას ხშირად წესებიც არა აქვს. ბედიც ესე ეთამაშება ადამიანებს: არ აინტერესებს წესები და სურვილები, იგი მის პერსონაჟებს სიტუაციის მძევლებად აქცევს. რამდენად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ადამიანის ნება, მისი გადაწყვეტილება? ამაზე პასუხი პაკ ჩხან-უკის შედევრში უნდა ვეძებოთ, რომელიც მისტიურობის ნისლით მოსავს ყოველ კადრს და არნახულ ატმოსფეროს ქმნი ფილმში. ფილმმა კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო აიღო საუკეთესო რეჟისურისათვის.

