ლუკა გუადანინოს ვარსკვლავური დრამა სიყვარულზე, მეგობრობაზე, ეჭვიანობაზე და მის სახიფათო შედეგებზე.
როკ-ვარსკვლავი მერიენი ყელის იოგების ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას იტალიის კუნძულზე მის საყვარელ ადამიანთან ერთად გადის. წყვილის იდილიას მათი ძველი მეგობრის- ჰარის მოულოდნელი ვიზიტი არღვევს. ჰარი მის ქალიშვილთან ერთად ოკეანის ტალღასავით იჭრება მერიენისა და პოლის მოზომილი ცხოვრების რითმში და ზედაპირზე წარსულის ის ფრაგმენტები ამოაქვს, რომელიც ამ ადამიანების ცხოვრებას შეცვლის და კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანს…
ლუკა გუადანინოს ,,დიდი ტალღა” დამაჯერებელ რეჟისურასა და ოპერატორის ძლიერ ნამუშევართან ერთად, მაინც პირველ რიგში ბრწყინვალე სამსახიობო ოსტატობის ერთგვარი ჰიმნია.
მსახიობების მიერ მათი გმირების შინაგანი განცდების გარეთ გამოტანა და კამერის წინ ჩვენება, ხშირად ფილმის სიუჟეტს მეორე პლანზე აჩოჩებს და არტისტიზმის ტყვეობაში გვაქცევს. თუმცა იტალიური მცხუნვარე მზით და აუზის ცივი წყლით განებივრებული პერსონაჟები, რეჟისორს აუჩქარებლად და დაჟინებით, მაგრამ მაინც მიჰყავს იმ ,,ტალღამდე”, იმ მომენტამდე, როდესაც ემოციები განსჯის უნარს დასჯაბნიან და ვნება ერთადერთ მამოძრავებელ ძალად იქცევა.
მიუხედავად იმისა რომ ფილმი სიუჟეტით ჟაკ დერეს დეტექტივ ,,აუზს” გვაგონებს, თვითონ რეჟისორი მასთან მის კავშირს უარყოფს, გარდა აუზთან ორი წყვილის შეხვედრის იდეისა და ამბობს რომ ფილმის კონცეფცია დევიდ ჰოკნის ტილომ ,,დიდმა ტალღამ” უკარნახა..