ალი აბასის თრილერი სერიულ მკვლელზე, რომელსაც ქალაქის ცოდვებისგან განწმენდა სურს.
მეზობლების და მეგობრების თვალში სანიმუშო მეოჯახე, ირან-ერაყის ომის ვეტერანი- საიდი მიზნად რელიგიური მისიის შესრულებას ისახავს: გაწმინდოს ირანული წმინდა ქალაქი მეშხედი მეძავებისგან. იგი იწყებს მარტოხელა მეძავების ქუჩაში აყვანას და მათ დასჯას. სერიული მკვლელობების გასაშუქებლად დედაქალაქიდან მეშხედში მამაცი ჟურნალისტი ქალი ჩამოდის და გამოძიებაში ერთვება.
ალი აბასის ფილმი 2000-იან წლებში ირანში მომხდარ რეალურ მკვლელობებს ეხება. საიდ ჰანაი, რომელმაც 16 სექს-მუშაკი სიკვდილით დასაჯა, საბოლოოდ დაპატიმრებული და დასჯილი იქნა, თუმცა მოსახლეობამ იგი ნაციონალურ გმირად შერაცხა, რომელიც ქალაქს უწმინდურობისაგან ასუფთავებდა.
აბასი ფილმის განმავლობაში ხედვის წერტილებს იცვლის, რათა უკეთესად წარმოაჩინოს ირანული საზოგადოება: ეს ხან ნარკოტიკებზე დამოკიდებული მეძავი ქალია, რომელიც ყველასგან გარიყულია და რომლისთვის ყველაფერს აზრი დაუკარგავს, ხან ტეგერანელი ჟურნალისტი ქალი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე სექსუალურ შევიწროებას განიცდის, ხან კი რელიგიური მეოჯახე მამაკაცი, რომელსაც თავის თავზე ,,წმინდა” მისია აუღია და უნდა ხალხს თავი დაამახსოვროს.
დაძაბული თრილერის ფონზე, სადაც მკვლელზე ნადირობას ჟურნალისტები აცხადებენ, ნაჩვენებია ქალების რთული ბედი თანამედროვე ირანულ საზოგადოებაში (სადაც მათზე ძალადობა ერთგვარი მიღებული ნორმაა) და გახრწნილი კორუფციული სისტემა, რომელიც ხელს უშლის სამართლიანობის აღსრულებას.

