რუბენ ესტლუნდის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული კომედია-ფარსი ამა ქვეყნის მდიდრებზე, არისტოკრატებზე, მოდელ-ინფულენსერებზე და ფულის დიქტატურაზე.
ფილმის მთავარი გმირები სამოდელო ბიზნესში მყოფი ახალგაზრდა წყვილია, რომლებიც ურთიერთობის კრიზისს განიცდიან. ისინი სხვა მთავარ გმირებთან ერთად მდიდრულ იახტაზე აღმოჩნდებიან უაღრესად ყურადღებიანი და მოტივირებული პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. პერსონალის პრიორიტეტი საკმაოდ შეძლებული დამსვენებლების ყოველი კაპრიზული მოთხოვნის დაკმაყოფილებაა, რასაც ვერ ვიტყვით გემის კაპიტანზე, რომელიც კაიუტიდან თითქმის არ გამოდის. როდესაც ერთ-ერთი დამსვენებლის აკვიატებული სურვილის შესასრულებლად მთელი ეკიპაჟი თავის სამუშაო ადგილს ტოვებს, სიტუაცია კონტროლს კარგავს და თავდაღმა ეშვება…
ფილმის სახელწოდება წარბებს შორის არსებული ნაოჭების კომბინაციას აღნიშნავს, რომელიც ადამიანის განცდების და პრობლემების პირდაპირ ამსახველია. ფილმში კი ერთიც და მეორეც ჭარბადაა. რეჟისორი ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობის ეტაპებს და განვითარებას სხვადასხვა სივრცეში(მოდის სამყარო; გემი; კუნძული) გვაჩვენებს, და დამატებით სხვა პერსონაჟებსაც გვაცნობს, რომელთა მსოფლმხედველობა და პოლიტიკური მრწამსი აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსზეა. რად ღირს მხოლოდ ,,კაპიტნის ვახშამი” და ამ ,,სამახსოვრო” ვახშმის შემდგომ მარქსისიტი კაპიტნის და რუსი ოლიგარქის უმაწყალო სმა და დიალოგი შტორმის დროს..? ,,დასავლური ცივილიზაციის დასასრული” – როგორც თვითონ რეჟისორი იტყვის ერთ ერთ ინტერვიუში.
,,კვადრატის” რეჟისორი არც მალავს მის დაუოკებელ წყურვილს გადაუაროს ადამიანების ფიზიონომიას და ამხილოს მათი ნამდვილი მიდრეკილება-სურვილები. იგი კინოს მეშვეობით ერთდროულად იკვლევს რამოდენიმე ფილოსოფიურ საკითხს: აქ პოსტ-კაპიტალიზმიც არის, რომელსაც ლოგიკურად სოციალიზმამდე მივყევართ, მამამაკაცის როლიც თანამედროვე საზოგადოებაში, სიყვარულის სამკუთხედიც და ზოგადად თანამედროვე ადამიანის ველურ ბუნებაში გადარჩენის უნარების გაქრობაც. ფილმში სასაცილოც, დასაფიქრებელიც და სატირალიც საკმარისზე მეტია, თუმცა მას განსაკუთრებულ სევდიან ნოტას მატებს ქალის მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდა შარლბი დინის ტრაგიკული გარდაცვალება 2022 წლის აგვისტოში.