მარტინ მაკდონაჰის საკუთარი პიესის მიხედვით დადგმული, ირლანდიური შავი იუმორით გაჯერებული დრამა ორ მეგობარზე, რომელმაც ვენეციის ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა(საუკეთესო სცენარი; ვოლპის თასი მამაკაცის საუკეთესო როლისათვის).
ირლანდია. 1920-იანი წლები. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. თუმცა ერთ-ერთი პატარა კუნძულის მაცხოვრებლებამდე ეს ნაკლებად აღწევს. კუნძული თავისი მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობს. პედრიკი და კოლმი ახლო მეგობრები არიან. დღე არ გაუტარებიათ უერთმანეთოდ. სოფლის ერთადერთ პაბშიც ერთად სხედან და სასმელსაც ერთად ურახუნებენ.
მაგრამ ერთ დღესაც სახლის კარზე მიმდგარ გულუბრყვილო პოდრიკს კოლმი კარს არ უღებს, არც მის ძახილზე რეაგირებს და საერთოდ იგნორს უკეთებს. პოდრიკი შეწუხებულია. მათ შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა. თუმცა პოდრიკი აზრზე არ არის, რა შეიძლება იყოს მათი მეგობრობის უეცარი შეწყვეტის მიზეზი…?!
ფილმში, რომელშიც ზუსტადაა აღწერილი ირლანდიის ძუნწი მცენარეული საფარის, თუმცა მაინც საუცხოო პეიზაჟები, ტრაგიზმი და კომიზმი ერთმანეთზე რაღაც საოცარი ოსტატობითაა გადახლართული. აქაური პეიზაჟი ერთგვარად პერსონაჟადაც კი გვევლინება, რომელსაც თავისი წვლილი მიუძღვის იმ დრამაში, რომელიც მაყურებლის თვალწინ ვითარდება ორ მეგობარს შორის. თავის თავში ჩაღრმავებული ადამიანი უარს ამბობს მეგობრობაზე და გადაწყვიტავს ხელოვნებას დაუთმოს დარჩენილი დრო, თუმცა ამას თავისი კატასტროფული შედეგები მოაქვს.
ფარელ-გლისონის დუეტი შეუდარებელია. ამ მსახიობების შესანიშნავი თამაში ,,ბრიუგედანაც” კარგად გვახსოვს, თუმცა მათი სამსახიობო ოსტატობა ბრიუგედან ბანშიმდე კიდევ უფრო დაიხვეწა და ახალ სიმაღლეზეა. ახალ სიმაღლეზეა მარტინ მაკდონაჰიც, რომლის ყოველი მომდევნო ფილმი საშემსრულებლო კინოს ახალ საზღვრებს ხსნის და ნამდვილი შედევრია.

