სამ თავზეხელაღებულ ბანდის წევრს გაუთვალისწინებელი გაჩერება უწევთ მდინარე სალუმის დელტაში მდებარე უცნაურ სოფელში.
2003 წელი. დასავლეთი აფრიკა. გვინეა- ბისაუში სამხედრო გადატრიალების დროს ცნობილი ბანდის სამი წევრი, დაქირავებული პროფესიონალები, მექსიკელი ნარკობარონის მოტაცებას და მის დაკარში გადაყვანას ცდილობს.
დასაწყისში ძალიან უმართლებთ, ნარკობარონთან ერთად მათ ხელში ძვირფასი განძი აღმოჩნდება- ოქროს ზოდებით გაჭედილი ჩანთა. თუმცა გამართლებას მალევე უიღბლობა ცვლის და საწვავის გარეშე დარჩენილი თვითმფრინავი მდინარე სალუმის დელტის მიდამოებში ეშვება, სადაც ლეგენდით შემოსილ სასტიკ მებრძოლებს არაამქვეყნიურ ძალებთან მოუწევთ შერკინება.
კონგოელი რეჟისორის ჟან ლიუკ ერბულოს ფილმი, რომლის ექშენი და დინამიურობა გაი რიჩის ადრინდელ ნამუშევრებს გვაგონებს, შუა ფილმში ჟანრს იცვლის და ექშენიდან მისტიურ თრილერში გადადის, სადაც კონტინენტის სისხლიანი ისტორია და აფრიკული ცრურწმენები ერთმანეთში ირევა.