ესპანელი დანი დე ლა ორდენის რომანტიული კომედია ფსიქოლოგიური ტესტების გავლენაზე, ადამიანურ იდეალებზე და იმედგაცრუებაზე.
პაულა და ჰექტორი მთლად იდეალური თუ არა საინტერესო წყვილია. ისინი უკვე დიდი ხანია ერთად არიან. ჰექტორს საკუთარი ბარი აქვს, რომლის წარმატებით ამუშავებას ხელის წაკვრა ნამდვილად სჭირდება. თუმცა ფინანსური ხელმომჭირნეობა ამის საშუალებას არ იძლევა. და აი, მათ ეს შანსი უეცრად, მათი საერთო მეგობრის ვახშამზე სრულიად მოულოდნელად ეძლევათ. ტონი, რომლის მეუღლე ფსიქოლოგია და წიგნებს წერს ამ თემაზე, გადაწყვიტავს მისი მეუღლის თეორია პრაქტიკაში გამოსცადოს. იგი წყვილს ესეთ დილემას სთავაზობს: ასი ათასი ევრო ეხლა ან მილიონი ევრო 10 წლის შემდეგ…
ფილმის სიუჟეტი კონცენტრირებულია ერთგვარ ფსიქოლოგიურ ტესტზე, რომლის მთავარი მიზანია გამოავლინოს რომელ ფსიქოტიპს ეკუთვნის ესა თუ ის კონკრეტული ადამიანი და რომლის შედეგების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, როგორ წარიმართება მისი შემდგომი ცხოვრება. ტესტის პროცესში, ერთმანეთის განხილვის და მოსალოდნელი წარმატების დევნაში ფილმის გმირები უეცრად ისეთი კუთხით ეხსნებიან ერთმანეთს, მანამდე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ. და ზუსტად ეს არის საინტერესო ჯორდი ვალეხოს პიესის მიხედვით დადგმულ ფილმში: არაორდინალურ სიტუაციაში მყოფი ადამიანების წარმოჩენა, მათი იდეალების გახსნა თუ ჩამოშლა, შემდგომ მათი ქმედებები და ამ ქმედების თუ გულახდილობის დრამატული შედეგები.