გაი რიჩი მის მიერ უკვე გამოცდილ ჟანრს და მსახიობებს უბრუნდება.
ელიტური აგენტის, ორსონ ფორჩუნის დავალების შესრულებაზე დაყოლიება არც ისე ადვილი საქმეა. მითუმეტეს, როცა იგი შვებულებაშია და დასვენებით ტკბება. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ყველაფერი ძალუძთ და შესაბამისად უნდა არსებობდეს არგუმენტი, რომ ძვირადღირებული აგენტი(ძვირადღირებული ხუშტურებით) საქმეში ჩართო.
ესეთი არგუმენტი კი არსებობს: საიდუმლო ლაბორატორიიდან შეიარაღებული მძარცველების მიერ გატაცებულია ჩემოდანი, რომლის შემადგენლობა დაზვერვისთვისაც კი უცნობია. ფორჩუნის მიზანია უმოკლეს დროში გაერკვეს რაშია საქმე, რა დევს ჩემოდანში და რა იგეგმება? ამისათვის კი მოგეხსენებათ, საიმედო რაზმია საჭირო, რომლის შედგენა და ამორჩევა, აგენტისდა სამწუხაროდ ყოველთვის მის კომპეტენციაში არაა…
,,ოპერაცია ფორტუნა” ჟანრების (ჯაშუშური ექშენი და კომედია) ის ნაზავია, რომლის მიმართ ინტერესი მაყურებელში არ ნელდება.
გაი რიჩი უკვე დიდი ხანია ამ კინო ჟანრის(და არა მხოლოდ) ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტად ჩამოყალიბდა, რომლისგანაც ყოველ ჯერზე რაღაც სანახაობრივს, მოულოდნელს და იუმორით შეზავებულს ელოდები. და მიუხედავად იმისა, რომ მის ფილმოგრაფიაში გარკვეული ჩავარდნებიც არსებობს, ყოველ ჯერზე ეს რეჟისორი გვაკვირვებს არაჩვეულებრივი ენერგიით და საქმისადმი დიდი სიყვარულით. ენერგია და დენთი კი გვერწმუნეთ ,,ოპერაცია ფორტუნაში” იმდენია, რომ ტელევიზორის ეკრანს ნამდვილად გაახურებს. მითუმეტეს როცა მას ძლიერი ქასთი (ჯეისონ სტეტჰემი, ობრი პლაზა, ჰიუ გრანტი, ჯოშ ჰატრნეტი), საუცხოო ოპერატორული ნამუშევარი და კარგად დადგმული ექშენ-სცენები უმაგრებს ზურგს…
ოპერაცია ფორტუნა: ომის ხელოვნება
(Operation Fortune: Ruse de guerre)
რეჟისორი: გაი რიჩი
2023წ. (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, თურქეთი, აშშ)

