დაბალ ბიუჯეტიანი, ნოსტალგიური სამეცნიერო ფანტასტიკა შესანიშნავი სარეჟისორო დუეტით, საუცხოო საუნდტრეკით და საინტერესო ქასთით (Pedro Pascal, Sophie Thatcher)
უზარმაზარი ხეებით, სქელი მწვანე ფოთლებით დაბურული ტყე. უცხო პლანეტა. აქაური ჰაერი მოწამლულია, სპეციალური ჩაფხუტის გარეშე სუნთქვა შეუძლებელია. მამა და შვილი ფრთხილად დააბიჯებს დედამიწას დაშორებულ უცხო გარემოში.
აქ ისინი ტყეში ჩამალულმა ძვირფასი ქვების მოპოვების და გამდიდრების სურვილმა ჩამოიყვანა. მაგრამ ისინი აქ მარტო არ არიან. მათნაირად სხვებიც არიან ამ პლანეტაზე წარმატების ძიებაში. საბედისწერო შეხვედრა გარდაუვალია…
კრისტოფერ კოლდუელმა და ზიკ ერლმა 4 წლით ადრე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი სრულმეტრაჟიანად აქციეს. ,,სტალკერებზე” სამეცნიერო ფანტასტიკით ამ ჟანრის მოყვარული არც თუ ისეთი განებივრებულია, მითუმეტეს როცა კომპიუტერული სპეცეფექტები მინიმალურია და სცენების უმრავლესობა ღია ცის ქვეშ, ნატურალურ გარემოშია გადაღებული. გადაღებები მიმდინარეობდა ვაშინგტონის შტატის ნახევარკუნძულზე მდებარე ნაციონალურ პარკ ,,ოლიმპიკში”.