კანის კინოფესტივალის პრიზიორი, ჯონათან ეიმსის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი ყოფილ აგენტზე, რომელსაც ბავშვობის ტრავმები აწუხებს.
ფილმის მთავარი გმირი ჯო, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა, რომელიც მის ფსიქიკაზე ძლიერ აისახა. თუმცა ეს ხელს არ უშლის კერძო შეკვეთები შეასრულოს. ,,ბინძურ” დავალებებს იგი იმ ენთუზიაზმით და იმ სისასტიკით ასრულებს, ყოფილ აგენტს რომ შეეფერება. სახლში მას დედა ელოდება, რომელზეც ზრუნვა ჯერ კიდევ აკავებს ამ სამყაროში, რომელიც მისთვის რაღაც ეფემერული, მყიფე გახდა. მორიგი დავალება რომელსაც ჯო დამკვეთისგან იღებს, სენატორის პატარა გოგონას სახლში დაბრუნებას ეხება, რომელიც გამტაცებლებს მცირეწლოვანთა ბორდელში ჰყავთ გამოკეტილი.
შოტლანდიელი რეჟისორი ლინ რეიმსი პირველად კანის კინოფესტივალზე 1996 წელს მოხვდა სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმით ,,პატარა სიკვდილები”. მას შემდეგ მისი ყოველი ფილმი ამ ფესტივალის პროგრამაშია.
რეჟისორმა მთავარი როლის შემსრულებელს ჰოაკინ ფენიქსს გადაღებების დროს აუდიო ფაილი გაუგზავნა, სადაც პეტარდების და ფეიერვერკების აფეთქების ხმები შერეული იყო იარაღის სროლის ხმებთან. მან აუხსნა მსახიობს, რომ მთავარი გმირის თავშიც მსგავსი რამ ხდებოდა.
საერთოდ ჰოაკინ ფენიქსი დიდი ხანია იქცა იმ იშვიათ მსახიობად (ბრენდად), როცა მისი მონაწილეობით ფილმში იქმნება რაღაც განსაკუთრებულის, არაორდინალური სანახაობის მოლოდინი. ამ ფილმის შემთხვევაშიც ესეა, რასაც მის მიერ მოპოვებული ჯილდოებიც ადასტურებს: აღნიშნულმა ფილმმა 2017 წლის კანის ფესტივალზე ორი მთავარი პრიზი მოიპოვა- საუკეთესო სცენარისთვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.