დამოუკიდებელი კინოს სარეჟისორო დუეტის მრავალჟანრიანი და მრავალშრიანი ნამუშევარი.
ფილმის მთავარი გმირი ევანი (Lou Taylor Pucci) დედას კარგავს და ამას მძიმედ განიცდის. ღამის ბარში მომხდარი ინციდენტი აიძულებს მას მოსალოდნელ სასჯელს გაექცეს და ევროპაში გაფრინდეს. იტალიის საოცარი არქიტექტურით გაოგნებული არანაკლებ საოცარ გოგონას ლუისას (Nadia Hilker) გაიცნობს, რომელიც გაცნობისთანავე მასთან ერთად განმარტოებას სთავაზობს. იგი უარს ამბობს და ძალიანაც ნანობს ამ საქციელს. თუმცა მალევე ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს შეცდომა. გოგონას ნაცნობობა და მისი იდუმალი აურა იტალიის პატარა ქალაქის ატმოსფეროსთან ერთად ევანს ბევრ რამეს ავიწყებს და ბევრს რამეს სძენს. თუმცა ახალი შეძენილი გამოცდილება და ადამიანები ზოგჯერ არც ისე უხიფათოა ჯანმრთელობისათვის…
ჯასტინ ბენსონის (Justin Benson) და აარონ მორჰედის (Aaron Moorhead) რიგით მეორე ფილმი ერთგვარი ბალანსია ცხოვრების ფილოსოფიურ აღქმასა და რეალობას შორის, სიყვარულსა და სისასტიკეს შორის. აქ გასაოცარი შეთავსებით რამოდენიმე ჟანრია ერთმანეთში შერწყმული (მელოდრამა, ჰორორი, ფენტეზი). ფილმის მთავარი გმირი ახლო ადამიანების დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილისგან შვებას ისევ ადამიანების პოვნის სიხარულში პოულობს, ცხოვრების აზრს ისევ სიყვარულში და ამ სიყვარულისთვის ბრძოლაში ხედავს. და ეს ბრძოლა მთელს ფილმს მთავარ ხაზად და მთავარ იდეად გაჰყვება.
გაზაფხული (Spring)
რეჟისორი: ჯასტინ ბენსონი (Justin Benson) და აარონ მორჰედი (Aaron Moorhead)
2014წ. (აშშ)