ოქროს პალმის მფლობელი რუმინელის, კრისტიან მუნჯიუს ფილმი ტრანსილვანიის მულტიკულტურული სოფლის შიგნით არსებულ პრობლემებზე.
შობის დღესასწაულამდე რამოდენიმე დღით ადრე მათეასი (სამუშაოზე კონფლიქტის გამო) გერმანიიდან სახლში ბრუნდება, სადაც მას მიტოვებული ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ელოდება. ბავშვს ტყეში რაღაც დაუნახავს და შეშინებულია, ამიტომ მათეასი ცდილობს მას სიმამაცე ჩაუნერგოს და ვაჟკაცურად აღზარდოს. ამასთანავე მათეასი თავის ცხოვრების დალაგებასაც ცდილობს, რადგან არც ცოლს უნდა მასთან ყოფნა და არც ყოფილ საყვარელს, მოხუცი მამა კი სულ ავადმყოფობს. არც სოფელშია ხელსაყრელი სიტუაცია, სადაც მიგრანტების გამო სოფლის მოსახლეობაში რასისტული განწყობა გაზრდილია და დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარზეა.
კრისტიან მუნჯიუს ახალი ფილმის მოქმედება ტრანსილვანიის ერთ-ერთ მრავალ ნაციონალურ სოფელში ხდება, სადაც რუმინელები, უნგრელები, გერმანელები ერთმანეთის გვერდი გვერდ ცხოვრობენ.
ფილმში წამოწეული პრობლემები იმდენად მრავალმხრივი და სიღრმისეულია, ვერც კი ასწრებ ერთზე კონცენტრირებას: დაწყებული ევროკავშირში გაწევრიანების გამო მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილებისა, მიგრანტთა შემოდინების მიმართ მკაფიო პროტესტებისა (იმის ფონზე როცა თვითონ უწევთ სხვა ქვეყანაში მუშაობა), დამთავრებული ეთნოსებს შორის ფარული კონფლიქტის, ეკლესიაში არსებული სიტუაციის და საბოლოოდ ქალთა მიმართ დამოკიდებულებისა.
ამ ყველაფრის ერთად მოქცევა მხოლოდ დიდ რეჟისორებს თუ შეუძლიათ, როგორიც მუნჯიუა, რომლის ინტერესი სოციალური რეალიზმის მიმართ ფილმიდან ფილმამდე არ ნელდება და რომელიც ამ ფილმით მრტ-ეს აპარატის მსგავსად დიაგნოზს უსვამს საზოგადოებას.

