აუჩქარებელი, ჩაბნელებულ ოთახებში მრავლისმთქმელი მზერით და დიალოგებით სავსე ჯაშუშური თრილერი, რომელიც რეალურ ამბებზეა დაფუძნებული.
კიმ ფილბი (Guy Pearce) მე- 20 საუკუნის ჯაშუშური ხმაურიანი სკანდალების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ბრიტანეთის დაზვერვის მაღალჩინოსანი უეცრად ორმაგი აგენტი აღმოჩნდა, რომელიც ათწლეულები გადასცემდა ინფორმაციას ,,კგბ”-ს. საბჭოთა ჯაშუშების ცნობილ ,,კემბრიჯის ხუთეულში” იგი მესამე იყო, რომელიც 1963 წელს გამოააშკარავეს. შემდეგ ბეირუთიდან მოსკოვში გაიქცა საბჭოთა სატვირთო ხომალდით და საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა თითქმის გარდაქმნის პერიოდამდე.
სერიალის მოქმედება 1963 წელს ხდება: როდესაც ცნობილი ხდება გამცემის ვინაობა, ხელმძღვანელობა ბეირუთში აგზავნის ელიოტს (ბრიტანული დაზვერვის ოფიცერი) (Damian Lewis), რათა მან ფილბის აღიარება მოიპოვოს. რამდენიმე საუბრის შემდეგ ფილბი ქრება, გარბის. რა მოხდა სინამდვილეში? ვისი ხელი ურევია მის გაქცევაში? რა წვლილი მიუძღვის ამაში ელიოტს? ამას ყველაფერს უკვე თვითონ ელიოტის დაკითხვიდან შევიტყობთ, რომელსაც კონტრდაზვერვის თანამშრომელი აწარმოებს.
ეს ისტორია ბევრჯერ მოყოლილი და გადაღეჭილია, თუმცა შემქმნელებს უნიკალური რაკურსი აქვთ დაჭერილი: ფილბის (გაი პირსი) ღალატის ისტორია განხილულია მის საუკეთესო მეგობართან და კოლეგასთან, ნიკოლას ელიოტთან (დემიენ ლუისი) ურთიერთობის პრიზმაში. დიალოგების გარდა სერიალში, რა თქმა უნდა ჟანრისთვის აუცილებელი პროგრამაც არსებობს: თავისი თვალთვალით, კონსპირაციული ბინებით და ,,გადამრბენი” აგენტებით.
სერიალი დაფუძნებულია ბრიტანული სპეცსამსახურების ქრონიკების პოპულარული ავტორის – ბენ მაკინტაირის წიგნზე.