ოსკარის ნომინანტი არგენტინული ფილმი ექვსი დაუჯერებელი ნოველისგან შედგება, რომლის ქვაკუთხედი ტკივილი, ძალადობა და შურისძიებაა.
ზოგჯერ ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო დეტალები ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ზოგჯერ გვეჩვენება რომ ცხოვრება სასტიკად გვექცევა და ცუდად გვეხუმრება. ასეთ დროს წონასწორობის და საღი აზრის შენარჩუნება საკმაოდ ძნელია. ამოხეთქილი აგრესიის შეკავება და რისხვის კონტროლი შეუძლებელი ხდება და სიტუაციაც შესაბამისად უკონტროლო ხდება.
პირველი ნოველა ავიალაინერის ბორტზე ვითარდება, რომელშიც ერთი შეხედვით სრულიად უცხო ადამიანებს მოუყრიათ თავი. თუმცა ირკვევა, რომ ყველას მათ ერთი ადამიანი აკავშირებთ. როგორც ჩანს, არაფერი შემთხვევით არ ხდება და ამ ადამიანსაც გარკვეული გეგმა აქვს მგზავრებთან მიმართებაში…
ექვსი ისტორია, რომლთაც ბევრი რამ აქვთ საერთო და ერთ მთლიანობაში საოცრად იკვრება, არგენტინელმა სცენარისტმა და რეჟისორმა დამიენ სიფრონმა (Damián Szifron) მისივე თქმით აბაზანაში ჩაწოლილმა დაწერა. მან გადაწყვიტა ადამიანთა ისტორიები მოეწოდებინა განსაკუთრებული სიმძაფრით და დრამატული კუთხით, თუმცა იგი იუმორითაც შესაშური ოსტატობით შეაზავა.
ველური ისტორიები (Relatos salvajes – Wild Tales)
რეჟისორი: დამიენ სიფრონი (Damián Szifron)
2014წ. (არგენტინა; ესპანეთი; საფრანგეთი; დიდი ბრიტანეთი)
ხანგრძლივობა: 2 სთ. 2 წთ.