მაიკლ მორისის (Michael Morris) სადებიუტო დრამა ალკოჰოლ დამოკიდებულ მარტოხელა ქალზე.
ლესლი საშუალო სტატისტიკური ამერიკელია ტეხასიდან, რომელთათვისაც ამერიკული ოცნების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი უეცარი წარმატება და გამდიდრებაა. ლესლის ყველაფერი ჰქონდა რომ წარმატებული ყოფილიყო, მას ხომ ოჯახიც, შვილიც ჰყავდა, მეგობრებიც და ამერიკელებისთვის ესოდენ სანატრელი ლატარიაც მოიგო. მაგრამ ცხოვრებას თავისი გეგმები აქვს. 6 წლის შემდეგ ლესლი უსახლკარო და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანია, რომელსაც დიდი ხანია არც მშობლები უნახავს, არც შვილი, არც მეგობრები ჰყავს და დღის დიდ ნაწილს ბარებში უფასო დასალევის მოლოდინში ატარებს. რა შანსი აქვს ესეთ ადამიანს დასძლიოს ერთი შეხედვით გადაულახავი ბარიერები და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს?
მაიკლ მორისის დებიუტი კინოში (მანამდე იგი მხოლოდ სატელევიზო სერიალებს იღებდა) საკმაოდ წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ, რადგან მისმა ფილმმა მთელი ჰოლივუდის ყურადღება მიიპყრო და ოსკარის ნომინაციაშიც წარდგა (ქალის საუკეთესო მთავარი როლისთვის). ანდრეა რაისბოროს (Andrea Riseborough) თამაში კი ძალზედ დასამახსოვრებელი და უბრალოდ შეუდარებელია: ძალიან ცოტაა მსახიობი, რომელსაც ესე ზუსტად შეუძლია ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი დაცარიელებული მზერის და მოძრაობების გადმოცემა. მისი გმირი სიძულვილსაც და სიბრალულსაც ერთდროულად იწვევს, თუმცა საბოლოოდ მაინც თანაუგრძნობ გმირს და განიცდი მის მცდელობას, როგორმე ჩაეწეროს ცხოვრების ფერხულში.