ბრიტანელი ადამ ნევილის რომანის მიხედვით გადაღებული მითოლოგიური ჰორორი ოთხ მეგობარზე, რომლებიც ტყეში კერპთაყვანისმცემლების ქოხს გადააწყდებიან.
ყოფილი კლასელები, რომლებსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, გადაწყვიტავენ ნორვეგიის მთაგორიან ტყეში ლაშქრობა მოაწყონ და ბუნების წიაღით დატკბნენ. ამით ისინი ცდილობენ პატივი მიაგონ მათ დაღუპულ მეგობარს, რომელიც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ლაშქრობის დროს ერთ-ერთი მათგანი მუხლის ტრამვას იღებს. ერთადერთი მოკლე გზა ცივილიზაციასთან სწრაფი კონტაქტისათვის დაბურული ტყის პირდაპირ გადაჭრა ხდება, რომლის მწვანე სიღრმეში საშინელი საიდუმლოება იმალება.
დევიდ ბრუკნერს (David Bruckner) აქამდეც ჰქონდა ჰორორის ჟანრში ნამუშევარი და ეს მის წინამდებარე ნამუშევარში იგრძნობა. მზარდი ატმოსფერო, ტემპი, ნარატივი – ყველაფერი მწყობრშია და არავითარი მკვეთრი ნახტომები ფილმში არ შეიმჩნევა, რაც უდაო პლიუსია. ტყის ულამაზესი ხედები ნელ-ნელა უფრო მძიმე და შემაშფოთებელი ხდება, რასაც ფილმში წარმოდგენილი მუსიკაც გარკვეულწილად ეხმარება, ხოლო მთავარი გმირების მოქმედება ადეკვატურობას არ სცდება და მათი განცდები და რეაქციები კიდევ უფრო დამაჯერებელი ხდება. ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ერთი შეხედვით ტიპიური სიუჟეტის მიღმა, კარგადაა წარმოჩენილი ადამიანებზე კულტურულ-რელიგიური ტრადიციების გავლენა და ადამიანური ბუნების თანმდევი სისუსტეები თუ შიშები.