იგივე სახელწოდების სამაგიდო თამაშის მიხედვით შექმნილი ფენტეზი, რომელიც ჟანრის კლასიკად გადაქცევას გვპირდება.
მოხერხებული ბარდი ეჯინი (Chris Pine) და ჩხუბისთავი ჰოლგა (Michelle Rodriguez) ციხიდან გარბიან, სადაც ისინი წარუმატებელი ძარცვის შედეგად აღმოჩნდნენ. მათი გადარჩენილი ბანდის წევრი ფორჯი (Hugh Grant) ნაქურდალის შენახვას და ეჯინის შვილის მფარველობას თავის თავზე იღებს, თუმცა სანამ მეგობრები ციხეში ზიან, იგი ბოროტ ჯადოქარს ეკვრება და მდიდარი ქალაქის მმართველი ხდება, რის შემდეგაც აღარ სურს ძველი მეგობრების ნახვა და მათი კუთვნილის უკან დაბრუნება. ფორჯზე შურის საძიებლად, შვილის უკან დასაბრუნებლად და არტეფაქტის ხელში ჩასაგდებად, რომელიც მის მეუღლეს გააცოცხლებს, ეჯინი ახალ გუნდს კრიბავს: ჰოლგას გარდა მასში ახალგაზრდა, გამოუცდელი მაგი და სხვადასხვა ცხოველებად გარდასახვის უნარის მქონე გოგონა-დრუიდი შედის. ცოტა მოგვიანებით მათ სწორუპოვარი მორალის და ბრძოლის უნარებით დაჯილდოებული პალადინი უერთდება.
1974 წლის სამაგიდო როლური თამაშის, რომელიც გერი გეიგექსმა და დეივ არნსონმა შექმნეს, ეკრანზე გადატანის ადრინდელი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ფილმის შემქმნელები ამან არ შეაშინა. საერთოდ ამ თამაშის ფილმად ქცევას თავისი ისტორია აქვს: ჯერ კიდევ სავსებით ჭაბუკი კანადელი თამაშის ფანი კორტნი სოლომონი წლების განმავლობაში არწმუნებდა ჰოლივუდს თამაში მასშტაბურ საეკრანო პროექტად ექციათ (საქმე ლამის ჯეიმს კემერონამდე მივიდა), ჯამში თვითონ აღმოჩნდა სარეჟისორო სკამზე და საბოლოოდ ყველა ფრონტზე ჩავარდა. ფილმი არ გამოვიდა. თუმცა აქედან მოყოლებული ათწლეულების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა: ვიზუალური ეფექტები საერთოდ სხვა დონეზე გავიდა, ფენტეზი მარგინალური ჟანრიდან ძალზედ მოთხოვნად და ყურებად ჟანრად იქცა.
,,Game Night”-ის რეჟისორებმა, ჯონ ფრენსის დეილიმ და ჯონათან მ. გოლდშტეინმა ყოველი ეს კომპონენტი ზომიერად გამოიყენეს და სათავგადასავლო და ფენტეზის ჟანრის მოყვარულებისთვის ბრწყინვალე სადღესასწაულო ტორტი გამოაცხვეს, რომელსაც ზემოდან კარგად შექმნილი, გამორჩეული გმირები ადგას, ხოლო შიგთავსს უკვე კლასიკად ქცეული, უნიკალური თამაშის საოცარი გემო აქვს.
მიწისქვეშეთი და დრაკონები: ღირსება ქურდებს შორის (Dungeons & Dragons: Honor Among Thieves)
რეჟისორები: ჯონ ფრენსის დეილი, ჯონათან გოლდშტეინი (John Francis Daley, Jonathan Goldstein)
2023წ. (აშშ)
ხანგრძლივობა: 2 საათი 14 წუთი