სოსო ბლიაძის დრამა თანამედროვე ადამიანების თბილისური ცხოვრების წესზე, მათ ფასეულობებზე, სასოწარკვეთილებაზე და სიყვარულის ძიებაზე პანდემიის პირობებში.
უწყინარი პროვინციელი თინა თბილისის იტალიური ეზოს ტიპის სახლში ოთახს ქირაობს, რომლის საფასურსაც მისივე თაობის გოგოსთან იყოფს. მეგი საკმაოდ პრაგმატული და პირდაპირი გოგონაა, რომელიც სახლში ცხოვრების წესებსაც თვითონ ადგენს და სხვასაც კარნახობს. მის დღის წესრიგში კი ხმაურიანი წვეულებები და ყოველი აკრძალულის მიმართ ინტერესი ჩვეულებრივი მოვლენაა. თანამობინადრეები ერთი შეხედვით რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ბედისწერა ერთ ჭერქვეშ შეყრილ ორ ახალგაზრდა ქალს უცნაურად აკავშირებს ერთმანეთთან.
ფილმი თანამედროვე ქართული ყოფის ბევრ პრობლემას ეხება, პირველ რიგში კი ქალების რთულ და ხშირად ტრაგიკულ ბედს ჩვენს საზოგადოებაში. ფილმი რეალიზმის და ყოფითი წვრილმანების წარმოჩენის კუთხით ძალზედ გამოიყოფა. ნატურაზე და ცისფერ შუქზე გადაღებული სცენები, ხშირად ნეიტრალური კამერა, მსახიობების არა თეატრალური თამაში ამ ჟანრს ძალიან ადგება. დიალოგებიც საკმაოდ ყოფითია და რეალობის ამსახველი, თუმცა ზოგჯერ დროში გაწელილი და პერსონაჟების რაღაც სიტყვების გარჩევაც იშვიათად მაგრამ ძნელდება. მსახიობების თამაში საკმაოდ დამაჯერებელი და იმედისმომცემია. მთლიანობაში თამამი სიუჟეტური გადახვევების, მყარი რეჟისურის და მსახიობების ბუნებრიობის ხარჯზე ფილმი კარგად გამოიყურება.